Accessibility links

logo-print

ეგვიპტის მთავრობამ მუსლიმთა საძმო ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტულ დაჯგუფებად


ეგვიპტის მთავრობამ, რომელსაც არმია უმაგრებს ზურგს, მუსლიმთა საძმო ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. ეს განცხადება უმაღლესი განათლების მინისტრმა, ჰოსაიმ ეისამ გააკეთა, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების წაკითხვით. ეს ინიციატივა ახდენს საძმოს ყველა ნაბიჯის, მისი დაფინანსების და წევრობის კრიმინალიზაციას. ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი, მოძრაობა მუსლიმთა საძმოს წარმოადგენს. საძმოს მომხრეები ეგვიპტეში საპროტესტო აქციებს აწყობენ მას შემდეგ, რაც 3 ივლისს მურსი დაამხეს. ეგვიპტის მთავრობა მუსლიმთა საძმოს ბრალს სდებს ძალადობრივი თავდასხმების მოწყობაში, მათ შორის სამშაბათს პოლიციის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ იერიშში, რომელსაც 16 ადამიანი შეეწირა და 100-მდე პირი დაიჭრა. თავად მუსლიმთა საძმო ამ ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს. სამშაბათის თავდასხმის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ჰაზემ ალ-ბებლავიმ მუსლიმთა საძმოს სიტყვიერად უწოდა ტერორისტული ჯგუფი, ოთხშაბათს გადადგმული ნაბიჯით კი ეს სტატუსი ოფიციალურად გაფორმდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ანსარ ბეიტ ალ-მაყდის სახელით ცნობილმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ.
XS
SM
MD
LG