Accessibility links

logo-print

პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა რამდენიმე პირი პატიმრის წამების გამო


ტერაქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია და ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას. მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება უკავშირდება ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2011 წელს დაკავებულ მალხაზ არქანიას, რომელსაც პროკურატურის ინფორმაციით, ცემით, წამებით და გაუპატიურების მუქარით აიძულებდნენ ეღიარებინა მონაწილეობა იმ პერიოდში განხორციელებულ ე.წ. ტერაქტებში. პროკურატურის განცხადებითვე, მალხაზ არქანიამ, რომელსაც ზეწოლის შედეგად უარი ადვოკატზეც ათქმევინეს, წამების გამო თვითმკვლელობა სცადა. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში პროკურატურის მიერ ბრალდებულ პირებს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მალხაზ არქანიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება შარშანდელი ამნისტიის შედეგად დატოვა. არქანიამ მისი წამების მეთოდები 2011 წლის ზაფხულში აღწერა საქართველოს მაშინდელი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის სახელზე მომზადებულ ახსნა-განმარტებაში.
XS
SM
MD
LG