Accessibility links

ორი წლით გადავადდა მოწმეთა დაკითხვის ახალი მოდელის ამოქმედება


უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადებაზე გადაწყვეტილება მიიღეს არა პარლამენტში, არამედ - სადღაც სხვაგან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის მოდელის ორი წლით - 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გუშინ დაამტკიცა. „სისხლის სამართლის საპროცესო“ კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვის დაწყებას, გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ლოჟებიდან გადმოფინეს პლაკატები წარწერებით: "ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის", "უთხარით უარი გადავადებას", "დაიცავი დაცვის უფლება". თუმცა პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე მალევე მივიდნენ მანდატურები, რომელთაც გადმოფენილი პლაკატები აიღეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ლოჟა დაატოვებინეს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში პლაკატების გადმოფენისთვის წინასწარი თანხმობა და ნებართვაა საჭირო: "ვთხოვ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს: როდესაც გსურთ მსგავსი ტიპის პლაკატების გამოკვრა, ამისთვის წინასწარ არის ნებართვა საჭირო. რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, რომ თქვენ აქ დემონსტაციულად გადმოფინოთ გარკვეული სახის პლაკატები. ამას სჭირდებოდა წინასწარი თანხმობა და თანხმობა უნდა აგეღოთ", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
XS
SM
MD
LG