ერაყში, ირანელი მოჯაჰედების მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის ბანაკზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ერაყის ხელისუფლება ავრცელებს. ბანაკი, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთხელ გახდა სარაკეტო დარტყმების მიზანი, ერაყის დასავლეთით, ყოფილ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მდებარეობს. ირანელი მოჯაჰედები თავდასხმებში ერაყის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ირანელ მოჯაჰედთა ორგანიზაცია 1965 წელს შეიქმნა. 80-იან წლებში მიმდინარე ერაყ-ირანის ომში ისინი ერაყის მხარეს იბრძოდნენ. დღეს ერაყის შიიტური ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს სათავეში 2003 წელს მოვიდა, ირანელი მოჯაჰედების მიმართ მტრულადაა განწყობილი, თუმცაღა ბოლო დროს მათზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს. ერაყსა და ირანში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ამასთანავე, რამდენიმე ხნით ადრე, ევროკავშირმა და აშშ-მა აღნიშნული ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალიდან ამოიღეს.
ყველაზე პოპულარული
1