Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წელი ერთ წიგნში


წიგნი-კატალოგი ”თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორია“
წიგნი-კატალოგი ”თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორია“
25 დეკემბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამავე სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-კატალოგის ”თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორიის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ქარვასლის ცნობილ შენობაში განთავსებულ თბილისის ისტორიის მუზეუმის დაარსების ისტორიასა და იქ დაცული ათასობთ საინტერესო ექსპონატის შესახებ მოგვითხრობს.

ზანზალაკები, ძვ.წ. VI-IV საუკუნეები, ბრინჯაო; სანთლის ნამწვავის მოსაჭრელი მაკრატელი, ვერცხლი; ჯაგრისები ბანქოს მაგიდისთვის; თბილისისა და მისი შემოგარენის გეგმა; სახლი აბას აბადის, ახლანდელი გუდიაშვილის, მოედანზე - მაკეტი; სპირტის უთო მაქმანებისა და საყელოსთვის; თბილისელი ფოსტალიონი - ღია ბარათი; დავით სარაჯიშვილის ლუქის საბეჭდავი თუ თბილისელი მეეზოვის ჟეტონი - ზოგი ნივთის სახელია ისეთი, მხოლოდ მის გამო გინდა ჩამოთვალო. ამ ნივთების ფოტოისტორიები ახლა ერთ წიგნშია თავმოყრილი და მას „თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორია“ ჰქვია. თუმცა ამ ნივთებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ას წელზე გაცილებით დიდი ხნისაა. მართლაც, რას არ ნახავთ კატალოგში, რომელიც, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ახლახან გამოიცა: როგორ ეცვათ, როგორი რიტუალები ჰქონდათ, როგორ გამოიყურებოდნენ...

მაშინ ახალი შექმნილი იყო თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტს კი თავისი საქმიანობის რეკლამირება სჭირდებოდა და ამიტომაც გადაწყვიტეს ასეთი მუზეუმის შექმნა. ეს იდეა დოკუმენტადაც გაიწერა და ეს დოკუმენტიც შევიდა კატალოგში...
მედეა თავაძე
კატალოგის ავტორი, თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციების მართვის მენეჯერი მედეა თავაძე მოგვითხრობს, რომ თბილისის ისტორიის მუზეუმი ას წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, 1910 წელს დაარსდა. მაშინ ამ მუზეუმის დაარსებას ერთი კონკრეტული მიზანი ჰქონდა - თვითმმართველობის რეკლამირება-პოპულარიზაცია. მუზეუმი ხომ ქალაქის თვითმმართველობამ დააარსა და მას „ტფილისის მუნიციპალური მუზეუმი“ უწოდა:

“მაშინ ახალი შექმნილი იყო თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტს კი თავისი საქმიანობის რეკლამირება სჭირდებოდა და ამიტომაც გადაწყვიტეს ასეთი მუზეუმის შექმნა. ეს იდეა დოკუმენტადაც გაიწერა და ეს დოკუმენტიც შევიდა კატალოგში. სულ თავიდან მუზეუმის თავდაპირველი სამყოფელი ქალაქის თავის კაბინეტი იყო, შემდეგ ზუბალაშვილების უპოვართა სახლში დაიდო ბინა, ამჟამად კი „ქარვასლის“ ისტორიულ შენობაშია“.

”თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორიის“ პრეზენტაცია
”თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორიის“ პრეზენტაცია
ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში განთავსებულია მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გვიხსნის მედეა თავაძე. 1926 წელს, თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორისა და თბილისის ისტორიის ცნობილი მკვლევარის ნიკოლოზ ბადრიაშვილის თაოსნობით, მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით „ძველი თბილისი“, სადაც იოსებ გრიშაშვილმა სწორედ ამ გამოფენისა და მუზეუმის მხარდასაჭერად წაიკითხა იქ პირველად თავისი ნაწარმოები „თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“. დღეს მუზეუმი სწორედ იოსებ გრიშაშვილის სახელობისაა. რაც დრო გადიოდა, მუზეუმის მნიშვნელობაც მატულობდა, კოლექციები ივსებოდა:

„დროთა განმავლობაში მრავალმა ექსპონატმა მოიყარა იქ თავი და მათმა რაოდენობამ და რაობამ ამ მუზეუმის სტატუსიც განსაზღვრა და ის იქცა თბილისის ისტორიის მუზეუმად. ენეოლითის პერიოდიდან დღემდე თუკი რამე თბილისის ისტორიას, მის ყოფას, კულტურას ეხება, ძალიან მრავალრიცხოვანი მასალაა ჩვენთან თავმოყრილი“.

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიგვეუბნება, რომ ეს არის წიგნი ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორიისათვის კიდევ ერთხელ მოუნდება თვალის გადავლება.

ჩვენ გვაქვს თბილისის ისტორიის მუზეუმის განვითარების პროგრამა, რომელიც, გარდა მუზეუმისა, უნდა იყოს აქტიური საგანმანათლებლო ცენტრი. ამ მუზეუმს აქვს დიდი მომავალი და საუკეთესო ადგილია თბილისზე საუბრისათვის...
დავით ლორთქიფანიძე
მუზეუმში დაცული ექსპონატები ათ ფონდად და ორ კოლექციადაა სისტემატიზირებული. ძვირფას ლითონის ფონდში დაცულია ვერცხლით შემკული იარაღი, სამკაულები, საოჯახო მოხმარების ნივთები; არქეოლოგიის ფონდში - თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში მოპოვებული მასალა; საარქივო დოკუმენტების ფონდში ნახავთ გეგმებს, რუკებსა და აფიშებს, ძველ რეკლამებსა და ეტიკეტებს. ხის ფონდი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ექსპონატების ფონდი, ნუმიზმატიკური ფონდი, ფოტოსურათები და ნეგატივები, სახვითი ხელოვნების ფონდი... თბილისის ისტორიის მუზეუმი ინახავს თბილისური ხელოსნური გაერთიანებების ე.წ. „ჰამქართა“ დროშების კოლექციას, ქართულ ნაციონალურ ტანსაცმელსა თუ ქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კოსტიუმებსა და აქსესუარებს.

თბილისის ისტორიის მუზეუმში მხოლოდ თბილისის ისტორია არ არის თავმოყრილი, ეს მთელი საქართველოს ისტორიაცაა, - გვეუბნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

„ჩვენ გვაქვს თბილისის ისტორიის მუზეუმის განვითარების პროგრამა, რომელიც, გარდა მუზეუმისა, უნდა იყოს აქტიური საგანმანათლებლო ცენტრი. ამ მუზეუმს აქვს დიდი მომავალი და საუკეთესო ადგილია თბილისზე საუბრისათვის“.

უნიკალურ ექსპონატებს კატალოგისთვის ფოტოგრაფი მალხაზ მაჭავარიანი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდა.

„თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორია“ დღეიდან ამ მუზეუმის ერთგვარი პასპორტი გახდება - კატალოგი, რომელიც მუზეუმის ყველა სტუმარმა თან უნდა წაიღოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG