Accessibility links

logo-print

პარლამენტში წარადგინეს ანგარიში ჟენევის წლევანდელი მოლაპარაკების თაობაზე


ჟენევის საერთაშორისო დიკუსიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარის პოზიცია საქართველოსთვის გარკვეულწილად არ იყო სახარბიელო - ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მან დეპუტატებს წარუდგინა ანგარიში ჟენევის მოლაპარაკების წლევანდელი რაუნდების შესახებ. ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი თანათავმჯდომარის პოზიცია ხშირ შემთხვევაში მერყეობით გამოირჩეოდა. „გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი დაყოლიების კუთხით, მაგრამ პროცესი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, საქმე ეხებოდა თანათავმჯდომარეთა მიერ მომზადებული განცხადების პროექტს ძალის გამოუყენებლობის პრინციპების შესახებ. დავით ზალკალიანის თქმით, განცხადების პროექტი მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციაა და იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა მის ხელმოწერაზე საქართველო უარს ამბობს, სანამ რუსეთი არ აიღებს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ ვალდებულებას. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის და ვალდებულებაზე უარს ამბობს. დავით ზალკალიანის განმარტებით, თანათავმჯდომარეთა განცხადებაზე საქართველოს დათანხმების შემთხვევაში რუსეთი მის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ ვალდებულებაზე საუბარს დასრულებულად გამოაცხადებდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარებმა და ჟენევის პროცესის მონაწილე აშშ-მა თბილისის პოზიცია გაიზიარეს და განაცხადეს, რომ პოლიტიკურ დეკლარაციაზე კონსენსუსი არ არსებობს. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მომავალ წელს ჟენევის დისკუსიას ევროკავშირიდან ეყოლება ახალი თანათავმჯდომარე, რადგან ფილიპ ლეფორმა ამ სტატუსით საქმიანობა დაასრულა. „შემდეგ რაუნდზე, რომელიც მომავალი წლის მარტში გაიმართება, ევროკავშირის მხრიდან იქნება ახალი თანათავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მასთან ვიმუშაოთ ისეთივე სერიოზული მხარდაჭერის მისაღებად, როგორიც გვაქვს სხვა თანათავმჯდომარეებისა და აშშ-ისგან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმოამდგენლები.
XS
SM
MD
LG