Accessibility links

ღარიბაშვილი „ღირსეულ ნაბიჯად“ მიიჩნევს ფარცხალაძის გადადგომას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ღირსეულ ნაბიჯად და სწორ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს მთავარი პროკურორის განცხადებას გადადგომის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ეს შეფასება გამოთქვა ჟურნალისტებთან საუბრისას და იქვე აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გერმანიაში ნასამართლოების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფარცხალაძე თვითონვე მივიდა ღარიბაშვილთან და გამოთქვა მზადყოფნა, გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან. პრემიერ-მინისტრმა ჯერ დეტალებში გარკვევა მოისურვა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა მთავარი პროკურორის მიერ გადადგომის თაობაზე განცხადების დაწერა. „ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და, ზოგადად, გაჩნდა კითხვები, დაისვა კითხვები, ამდენი მითქმა-მოთქმა, რომ მისი ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს შესაძლოა, რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების, გადაგომის თაობაზე, დავაკმაყოფილოთ“, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG