Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

2013 წელი კახეთში


მალხაზ მემარნიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში ცხოვრობს. მას 12 ჰექტარამდე ფართობზე საფერავის ჯიშის ვენახი ამავე სოფელში აქვს გაშენებული. ფერმერმა წელს 110 ტონა მოსავალი მიიღო და შემოსავალმა 200 ათას ლარამდე შეადგინა. მალხაზ მემარნიშვილი გვეუბნება, რომ წელს ვენახს კარგად მოუარა და შედეგიც კარგი ჰქონდა. ამბობს, რომ შესაძლებელია 12 ჰექტარზე უფრო მეტი მოსავალი მიიღოს, ეს კი ვენახის მოვლაზეა დამოკიდებული.

2013 წელი მევენახეებისთვის თუ წარმატებული იყო, პრობლემები ჰქონდათ ადამიანებს, რომლებმაც ატამი მოიყვანეს. მოსავალი კარგი იყო, მაგრამ ფასი - დაბალი. ფერმერებს მოსავლის მოყვანისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გაუჭირდათ.

2013 წელს მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო თვითმმართველი ორგანოები. კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში შეიცვალა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. არასამთავრობო ორგანიზაციების „საიას“ და „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, რეგიონში სამსახურიდან 1000-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, მათ ადგილებზე კი ახალი კადრები დანიშნეს - ზოგი კონკურსით, ზოგიც პირდაპირი დანიშვნის წესით. ახლად დასაქმებულ მოხელეთა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წევრი ან მხარდამჭერია. „საიას“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი საკადრო ცვლილებებსა და მის თანმდევ პროცესებზე ლაპარაკობს:

წინა წლებში არჩევნები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ყოველთვის ექსცესებით მიმდინარეობდა. 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნები ამ ხმრივ განსხვავებული აღმოჩნდა. „სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონალური კოორდინატორი ნანა დევიძე პარალელებს ავლებს არჩევნებს შორის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ და“ ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ჩატარდა.

როგორ აფასებს საზოგადოება 2013 წელს და მომხდარ ცვლილებებს? –ამ კითხვით ჩვენ რიგით ადამიანებს მივმართეთ. რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეძლო. მაგალითად პენსიის გაზრდა სახელდება. ნაწილი კი თვლის, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა და კვლავ მძიმეა სოციალური ფონი.

2013 წლის შეფასების დროს კახეთის რეგიონალური გაზეთის - „კახეთის ხმის“ - მთავარი რედაქტორი მაია მამულაშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება და პასუხისმგებლობა თვითმმართველობის მუშაობაში კვლავ დაბალია.

პრობლემებისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მათი ვარაუდით, რიგითი ადამიანების მდგომარეობა დადებითად შეიცვლება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG