Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოზე მიმავალი ფერვეზ მუშარაფი საავადმყოფოში წაიყვანეს


პაკისტანის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ფერვეზ მუშარაფი საავადმყოფოში წაიყვანეს, როცა ის ხუთშაბათს სასამართლო პროცესზე მიემართებოდა. პაკისტანის სასამართლო ყოფილ სამხედრო დიქტატორს, 70 წლის ფერვეზ მუშარაფს დაპატიმრებით დაემუქრა, თუკი ის კვლავ არ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე. ოთხშაბათს მუშარაფის ადვოკატებმა სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზად დაასახელეს უსაფრთხოების რისკი, რადგან პოლიციამ ბომბი აღმოაჩინა მუშარაფის საცხოვრებელ სახლთან. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მუშარაფს უბრძანა, ხუთშაბათს გამოცხადდეს სასამართლოში. სასამართლო პროცესის განმავლობაში პოლიციამ უკვე სამჯერ აღმოაჩინა ასაფეთქებელი მოწყობილობები მუშარაფის სახლთან. მუშარაფს სამშობლოს ღალატში ედება ბრალი 2007 წლის ნოემბერში საგანგებო ვითარების შემოღებისთვის. თუკი სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, ყოფილ გენერალს სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ელის. მუშარაფის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
XS
SM
MD
LG