Accessibility links

ერაყის პროვინცია ანბარში პოლიციასთან შეტაკებისას ასზე მეტი სუნიტი დაიღუპა


ერაყის პროვინცია ანბარში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა ასზე მეტი სუნიტი, რომლებიც ხელისუფლების ორგანოებში შიიტების მომძლავრების წინააღმდეგ გამოდიან. შეიარაღებული დაპირისპირების ცენტრი გახდა ქალაქები ფალუჯა და რამადი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეტაკებებში დაიღუპა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი და დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სამოცდაათამდე მებრძოლი. პოლიციელებს შორის დანაკარგზე არ იტყობინებიან. ხუთშაბათს პროვინცია ანბარში ამბოხებულმა სუნიტებმა „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტების დახმარებით კონტროლი დააწესეს ფალუჯისა და რამადის უდიდეს ნაწილზე. როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, არმია, რომელიც მეამბოხეების მიერ დაკავებული კვარტლების დაბრუნებას ცდილობდა, ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. შეტაკებებმა 30 დეკემბერს იფეთქა მას მერე, რაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზით დაშალა სუნიტების კარვების ქალაქი. სუნიტები პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის მეთაურობით შიიტების ხელში ხელისუფლების კონცენტრაციას აპროტესტებდნენ. კარვების ქალაქის დაშლისას თხუთმეტამდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG