Accessibility links

logo-print

დღეიდან სოჭში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა


სოჭში დღეიდან, ზამთრის ოლიმპიური თამაშებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რეგიონში უპრეცედენტო ზომები მიიღეს - დაწესდა აკრძალული ზონა, რომელში მოხვედრაც სამსახურებრივი და საწარმოო აუცილებლობის გარეშე შეუძლებელია. ზონის საზღვრები ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან აფხაზეთამდეა. სოჭში მხოლოდ ადგილობრივი ტრანპორტის მოძრაობაა დაშვებული. გამონაკლისი მხოლოდ საგანგებო სამსახურების ავტომანქანებია, რომლებსაც საჭირო აკრედიტაცია აქვთ. სოჭში ნებართვის გარეშე ტრანსპორტით შესვლაზე დაწესებულია ჯარიმა - 3000 რუბლის ოდენობით. გარდა ამისა, შექმნილია საგანგებო ზონები, რომლებში შესვლაც პოლიციის მიერ დათვალიერების შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეიდან 30 ათასზე მეტი სამართალდამცავი და შინაგანი ჯარის სამხედრო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ქვედანაყოფები. გასულ ზაფხულს ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა სოჭის ოლიმპიადის ჩაშლით დაიმუქრა. უმაროვმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებაზე მისივე დაწესებული მორატორიუმი მოხსნა და თავდასხმებისკენ, მათ შორის - ოლიმპიურ ობიექტებზე თავდასხმებისკენ მოწოდებით გამოვიდა. ექსპერტების ნაწილი ვოლგოგრადში მოწყობილ ტერაქტებს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს. აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს რუსეთს სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
XS
SM
MD
LG