Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა წამების საქმეზე ახალი ბრალდება წარედგინათ მეგის ქარდავას და გაგა მკურნალიძეს


პატიმართა წამების საქმეზე ახალი ბრალდება წარედგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს. ამავე საქმეზე პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულად ცნო მე-8 საპატიმროს ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე. მას და ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ორივე მათგანი იმალება. მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 2 აპრილს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს 22 წლის ელდარ ქობალია, რომელიც აწამეს და სქესობრივი ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს. პროკურატურის ცნობითვე, მეგის ქარდავა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ქობალიასგან მოითხოვდა ტერაქტის მომზადების აღიარებას. პროკურატურის ინფორმაციით, წამების შედეგად ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც მოგვიანებით ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, ქობალია გარდაიცვალა. პროკურატურის განცხადებითვე, გამოძიება გრძელდება ელდარ ქობალიას მიმართ უკანონო ქმედებების ჩამდენი სხვა პირების ბრალეულობის დასადგენად, უკვე ბრალდებულებს კი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად ემუქრება 9-დან 15 წლამდე პატიმრობა.
XS
SM
MD
LG