Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელის შეცვლაზე


პაატა ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელის შეცვლას ცხინვალიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ სახელის შეცვლით, პირველ რიგში, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა სწორდება. სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ სააკაშვილის მთავრობამ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი ისე შეუცვალა, რომ კონფლიქტი მოგვარებისკენ კი არა, უფრო გაღრმავებისკენ წაიყვანა. მისი თქმით, რეინტეგრაცია პოსტკონფლიქტურ ვითარებას ნიშნავს, ამ სახელით კი წინა ხელისუფლებამ აფხაზების და ოსების უფრო მეტად დაშორება გამოიწვია. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ცვლილებით კონფლიქტს აღიარებს და შერიგებისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

ზაქარეიშვილის ამ განცხადებას ცხინვალიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ჩოჩიევმა უპასუხა:

„ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობ, ვინ არის საქართველოს ხელისუფლების სათავეში, რა გვარების არიან პრეზიდენტები, მინისტრები და, მით უმეტეს, რა დასახელებები აქვთ სამინისტროებს. საქართველოს უნდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ხალხის გაგდება ან განადგურება. პაატა ზაქარეიშვილი უფრო გამჭრიახი და რეალისტურად მოაზროვნე პოლიტიკოსი მეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები საპირისპიროზე მიუთითებს. მე მას და მის მომხრეებს ასეთ რჩევას მივცემდი: სამინისტროებისთვის სახელის შეცვლა კი არაა საჭირო, არამედ საჭიროა აღიარონ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები. სამხრეთ ოსეთი არასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში“.

პაატა ზაქარეიშვილმა კი, თავის მხრივ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შესთავაზა პირდაპირი დიალოგი და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება. მისი აზრით, აღიარებასა და არაღიარებას შორის დიდი მანძილია და მანამდე სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის“ დარქმევას გორში ჩასახლებული დევნილებიც გამოეხმაურნენ. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლიანა ხადური ამბობს, რომ ქართველებს და ოსებს დიდი ხნის ნათესაური კავშირები აქვთ და შერიგება აუცილებელია.

ხადურის მსგავსად, შერიგებაზე სხვა დევნილებიც საუბრობენ, თუმცა,ზოგიერთის აზრით, ეს შერიგება მათი დაბრუნების თანმდევი პროცესი უნდა იყოს. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, მათ მშობლიურ სოფლებში დაბრუნებაზე უნდა იფიქროს, ქართველებს და ოსებს კი შერიგება არ გაუჭირდებათ.

სხვადასხვაგვარად ფიქრობენ გორში მცხოვრებნი. ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სახელის შეცვლა არაფერს მოიტანს, თუ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დასახელებაში სიტყვა „ერიგებას“ უკვე დადებითი მნიშვნელობა აქვს და ეს აფხაზებისა და ოსებისთვის გაგზავნილი პოზიტიური მესიჯია.

ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელწოდების შეცვლას საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიესალმებიან. მაგალითად, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაგრძოს აფხაზებსა და ოსებთან პრაგმატული თანამშრომლობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ ადასტურებს ევროკავშირის ელჩების ძალისხმევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთა ჩართულობის გასაღრმავებლად და მიიჩნევს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უშუალო ურთიერთკონტაქტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შერიგების საქმეში.
XS
SM
MD
LG