Accessibility links

ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლოს სხდომა


ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა, რომელზეც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმე განიხილებოდა. მერაბიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. დარბაზის დატოვებამდე ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, წაშლილია ვიდეომასალა, რომელიც საპატიმრდან მის გაყვანას ადასტურებს. „წაშალეს გარე პერიმეტრზე და ქუჩის სათვალთვალო კამერების მასალაც, თუმცა ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხისგება", - განაცხდა მერაბიშვილმა. დღესვე სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ მატროსოვის ციხედ წოდებული დაწესებულებიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის საკითხზე მიმდინარე მოკვლევისას თბილისის მასშტაბით ამოღებულია 30-მდე ვიდეოკამერის მონაცემი. სუბარის თქმით, ამავე საკითხზე უკვე დაიკითხა თავად მერაბიშვილი, ინფორმაცია მისაღებია კიდევ არაერთი პირისგან და პროცესის დასრულებისთანავე მოკვლევის შედეგები საჯარო გახდება. რამდენიმე კვირის წინ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გვიან ღამით საპატიმროდან გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას მთავარი პროკურორმა ფარცხალაძემ მოთხოვა მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების დასახელება, დახმარება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიებაში და წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობის პირობების გაუარესებით და ახლობლების დაკავებით დაემუქრა.
XS
SM
MD
LG