Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გადაიხედება ის მუხლი, რომელიც ”ქურდულ სამყაროს” შეეხება


საქართველოს ხელისუფლება კვლავ ადასტურებს, რომ არ აპირებს გადახედოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომლის თანახმად ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადი ქმედებაა. ინფორმაციას, რომ კანონის ამ მუხლის შეცვლა იგეგმება „უაზროდ აწეული თემა“ უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ ეს კანონი არ გადაიხედება“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. ხელისუფლება რომ კანონის შეცვლას აპირებს ამის შესახებ ნაციონალურმა მოძრაობამ 9 იანვარს განაცხადა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯოდმარის ვახტანგ ხმალაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე დაყრდნობით. თავად ხმალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ის საუბრობდა სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ ხარვეზებსა და ბუნდოვანებაზე, რადგან არ არის განსაზღვრული თუ რას ნიშნავს "ქურდული სამყაროს წევრობა" და "კანონიერი ქურდობა." ნაციონალური მოძრაობის განცხადებას უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური უწოდა სასჯელაღსრულების სამინისტრომ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის პერიოდში კანონიერ ქურდებს ე.წ. გარჩევების ორგანიზებაში თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა. სამინისტროს განცხადებითვე, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ წინა ხელისუფლებას მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ჰქონდა ქურდული სამყაროს ე.წ. "ავტორეტეტებთან".
XS
SM
MD
LG