Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცემი უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰოსპიტალიზებულია


უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იური ლუცენკო, რომელიც პოლიციასთან შეტაკების დროს მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოშია მოთავსებული და ინტენსიურ მკურნალობას გადის. როგორც ლუცენკოს ცოლი და ორგანიზაცია „უკრაინის მესამე რესპუბლიკის“ წევრები აცხადებენ, ლუცენკოს ცემის შედეგად თავი აქვს გატეხილი და რამდენიმე ადგილას განუვითარდა სისხლჩაქცევა. შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პარასკევ საღამოს მოხდა კიევის სამართლოს წინ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სამ ოპოზიციონერ აქტივისტს 2011 წელს ყოფილი საბჭოთა ლიდერის, ვლადიმერ ლენინის ძეგლის აფეთქების მცდელობის ბრალდებით ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იუწყებიან, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილსა და მოპიკეტეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა. დაძაბულობა უკრაინაში არ ცხრება მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ხელისუფლების ამ ნაბიჯს ქვეყანაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG