Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკო დასავლეთს იანუკოვიჩის მთავრობის მიმართ სანქციებისაკენ მოუწოდებს


უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „უდარის“ ხელმძღვანელი ვიტალი კლიჩკო მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რათა სანქციები დაუწესონ უკრაინის მთავრობის წევრებს. აღნიშნული განცხადება კლიჩკომ შაბათს მას შემდეგ გაავრცელა, რაც წინა დღით, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის „ბერკუტის“ წევრებმა სასტიკად სცემს ოპოზიციაში მყოფი ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო. შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პარასკევ საღამოს მოხდა კიევის სამართლოს წინ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სამ ოპოზიციონერ აქტივისტს 2011 წელს ყოფილი საბჭოთა ლიდერის, ვლადიმერ ლენინის ძეგლის აფეთქების მცდელობის ბრალდებით ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იური ლუცენკო, რომელსაც თავის არეში მძიმე დაბეჟილობა აღენიშნებოდა, რეანიმაციული განყოფილებიდან შაბათს ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ოპოზიციონერის ცემი ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, გამოძიება წარმოებს პოლიციის მიმართ ძალადობის ფაქტზეც. იუწყებიან, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილსა და მოპიკეტეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის შედეგად დაშავდა ათობით სამართალდამცველი. დაძაბულობა უკრაინაში არ ცხრება მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ხელისუფლების ამ ნაბიჯს ქვეყანაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG