Accessibility links

logo-print

ობამას ადმინისტრაცია შეშფოთებულია რუსეთ-ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის შეშფოთებას იწვევს რუსეთსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები რუსეთის მიერ ირანის ნავთობისა და სანაცვლოდ ირანისთვის რუსეთის სხვადასხვა პროდუქციისა და აღჭურვილობის გადაცემის თაობაზე. ამის შესახებ ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი იტყობინება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი კეტლინ ჰეიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პირადად გამოთქვა შეშფოთება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრისას. ოფიციალური დასტური მოსკოვსა და თეირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა სააგენტო „როიტერსი“ რუსულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქმე ეხება ბარტერულ გარიგებას. აღნიშნული შეთანხმების შედეგად რუსეთი ყოველთვიურად მიიღებს 500 ათასამდე ბარელ ირანულ ნავთობს, რომლის ღირებულებასაც სხვადასხვა პროდუქციითა და აღჭურვილობით გადაიხდის. ჰეიდენის სიტყვებით, თუკი ინფორმაცია გარიგების შესახებ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის რამდენიმე თვის წინ „ექვსიანის“ ქვეყნებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან და შესაძლოა ამან აშშ-ის მხრიდან გარკვეული სანქციებიც გამოიწვიოს. ამ შეთანხმების თანახმად, ირანმა აიღო ვალდებულება, შეამციროს ურანის გამდიდრება და ჩაერთოს ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებში. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდა შეემსუბუქებინა თეირანისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
XS
SM
MD
LG