Accessibility links

ევროსაბჭოს თანამომხსენებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, განიხილებოდა არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმები, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისრის თომას ჰამარბერგის ანგარიში და უმცირესობათა უფლებრივი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, დღევანდელ შეხვედრაზე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ შეფასდა როგორც დემოკრატიული და გამჭვირვალე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროსაბჭოსთან მჭიდრო ურთიერთობას და მომავალში უფრო აქტიურ თანამშრომლობას ელის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შარშან საქართველომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ჩაატარა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება მოჰყვა. „საქართველო მზად არის დემოკრატიის განვითარების გზაზე კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა. პრეზიდენტის პრესსასმახურის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობაზე, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG