Accessibility links

logo-print
ავტორი:ერამხუტ ემხვარი

2014 წელი საქართველოში წინდაწინვე დაანონსებული ომით, მძაფრი სამოქალაქო დაპირისპირებით დაიწყო. პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლის, თუ რომელიმე სხვა სასულიერო პირის სიტყვებს ადრეც მოჰყოლია აურზაური, თუმცა, როგორც ჩანს, ამ წელიწადს ეს დაპირისპირება არნახულად დაუნდობელი იქნება. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს თავად დაპირისპირებულ მხარეთა შეფასებები და გარკვეული საომარი მზადყოფნა, საომარი აღტკინებაც კი.
ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე "რადიო თავისუფლების" ბლოგში წერს: "და მაინც, „მენტალური უმცირესობისათვის“ საქართველოში მშვიდი ცხოვრება დამთავრებულია. ის უნდა მიხვდეს, რომ ომში იმყოფება და მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი ბრძოლაა. თუ გავიხსენებთ ფრანგი ფილოსოფოსის მიშელ ფუკოს ნათქვამს, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება სამოქალაქო ომს ჰგავსო, დღეიდან, გარკვეულწილად, სწორედ „სამოქალაქო ომის“ პერიოდში გადავდივართ, რომელსაც, შესაძლოა, არც კი ეწეროს დასრულება. საქართველოში კიდევ დიდხანს იარსებებენ მრავალრიცხოვანი ობსკურანტული თუ ულტრაკონსერვატული ძალები და მათს პარალელურად იარსებებს „მენტალური უმცირესობა“. უახლოესი მომავალი უნდა წარმოვიდგენოთ, როგორც გაუთავებელი კონფრონტაცია და ანტაგონიზმი. თუკი აქამდე „მენტალურ უმცირესობად“ შერაცხულნი გარკვეულ კომფორტსაც კი განიცდიდნენ, რომ მათ ისედაც არაფერს ეკითხებოდნენ და მხოლოდ „ფეისბუკური“ კრიტიკით კმაყოფილდებოდნენ, ახლა ამის თავისუფლება და ფუფუნება აღარავის ექნება."– ციტატის დასასრული.
საშობაო ეპისტოლეშიც არის ყურადღება გამახვილებული კარს მომდგარ ბრძოლაზე–"ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ.
დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრეტიდირების ნიავღარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია."–ციტატის დასასრული.
როგორც საპატრიარქოსთან გამართულ აქციამ დაადასტურა, ორივე მხარე საკმაოდ ორგანიზებულია და საარაკო უკომპრომისობით ჩაება ბრძოლაში. საგულისხმოა, რომ ორივე მხარე საკუთარი თავის ჩაგრულად წარმოჩენას და მოწინააღმდეგის მაქსიმალურ დემონიზაციას ცდილობს. გიორგი მაისურაძე საპატრიარქოსთან დაპირისპირებულ ძალებს "მენტალურ უმცირესობას" უწოდებს, მაშინ როცა რეალურად ეს უმცირესობა არც ისე მცირეა და გარდა ამისა რაოდენობა ხომ სულაც არ განსაღვრავს ხარისხს. საპატრიარქო კი უცხოურ გრანტებსა და არასამთავრობოთა რეკლამირებაზე წუწუნებს, მაშინ როცა მათ არც ფული აკლიათ და არც სატელევიზიო რეკლამა.
და მაინც რა არის მიზეზი იმისა, რომ ეს დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იძენს? ამ შემთხვევაში გამოსაყოფია როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები.
რაც შეეხება ობიექტურად არსებულ რეალობას. ცალსახაა, რომ მთელი რიგი სასულიერო პირთა გამონათქვამები მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ცხადყო, რომ განათლებული კადრების დეფიციტი არა მარტო საერო, არამედ სასულიერო სფეროშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რომ ეკლესიასა და პოლიტიკას შორის ზღვარი ფაქტიურად არ არსებობს. პარტიული ოფისების კურთხევითა თუ რომელიმე კანდიდატისადმი საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერამ ეკლესიისადმი, როგორც განყენებული ინსტიტუციისადმი ნდობა შეარყია. ზოგიერთი მოძღვრის ფუფუნებისადმი მიდრეკილებამ კი მრევლსა და ეკლესიას შორის ნაპრალი გააჩინა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება და ისეთ რადიკალურ ქმედებებით გამოიხატება როგორიც მაგალითად ეპისკოპოსისთვის კარის აჭედვაა.
თუმცა არსებობს სუბიექტური მიზეზებიც. ფუნდამენტალისტებიც და რადიკალი ლიბერალებიც, რომლებსაც პირობითად "პროგრესილად მოაზროვნეები" დავარქვათ, ერთმანეთს საოცრად ჰგვანან მოწინააღმდეგის პოზიციის სრული მიუღებლობით. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ქადაგებს. ფუნდამენტალისტებს სჯერათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიზნად დასახული აქვთ ქართველი ერის გადაჯიშება და ტრადიციების რღვევა, ხოლო "პროგრესულად მოაზროვნეები" ამტკიცებენ, რომ საპატრიარქო კრემლის პოლიტიკას ატარებს საქართველოში და ეკლესია მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭასა და ძალაუფლების გავრცელებაზე ზრუნავს.
საოცარია, მაგრამ არც ერთი მხარე ერთხელაც არ დაფიქრებულა პოზიციების დაახლოებაზე, მოწინააღმდეგის აზრის პატივისცემაზეც კი, მაშინ როცა ის მორალური ღირებულებანი, ის ფასეულობები, რომლის წარმომადგენლადაც საკუთარ თავს აცხადებენ, სწორედ განსხვავებულის პატივისცემას ეფუძნება. განა ლიბერალიზმი და ქრისტიანობა გულისხმობს რადიკალიზმს, უკომრომისობას, სხვის მოსასმენად დახშულ ყურებსა და ზიზღითა და სუძულვილით გაცხელებულ თავებს? თქვენ რომ მართლაც იგინი იყვნეთ ბატონებო რადაც თავს ასაღებთ, განა რამე იქნებოდა საჩხუბარი? მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ უგემოვნო კარიკატურას ჰგავხართ. და სანამ ომის გამჩრებლებლები ხართ, სანამ თქვენი პოზიცია ისტერიკის ფარგლებს არ ცდება, სანამ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს" თუ სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის "უფლებადამცველებს" ანდობთ თქვენი პოზიციის გამოხატვას, მანამ სასაცილო იქნება თქვენი მხრიდან როგორც ტოლერანტობისკენ მოწოდება, ისე ქრისტიანობის ქადაგებაც.
ნუ აირჩევთ ომს, აირჩიეთ მშვიდობა!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG