Accessibility links

logo-print

ნაციონალურმა მოძრაობამ სოზარ სუბარის გადადგომა მოითხოვა


დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის გადადგომა მოითხოვა. მისი მოთხოვნა მოჰყვა სამინისტროს 14 იანვრის განცხადებას, რომ გენერალური ინსპექციის შემოწმების შედეგად არ დადასტურდა ვანო მერაბიშვილის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი. მერაბიშვილმა გასული წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე საპატიმროდან გადაიყვანეს სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე ზეწოლას და მუქარას ცდილობდა მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, მე-9 საპატიმროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის განლაგებული 18 სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში საქმისთვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები არ აღმოჩნდა. რაც შეეხება თავად საპატიმროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებულ ჩანაწერებს, სამინისტროს ცნობით, 17 დეკემბერს ვანო მერაბიშვილის განცხადების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, რადგან აპარატურა 24 საათის შემდეგ ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო ავტომატურად შლის ძველ ჩანაწერებს. ნაციონალურმა მოძრაობამ სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება შეაფასა სიცრუედ და იმის დასტურად, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მტკიცებულებათა განადგურებით დანაშაული ჩაიდინეს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მისმა თანამშრომლებმაც. მინისტრის გადადგომის გარდა, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG