Accessibility links

logo-print

ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ცარნაევის მეგობრების სასამართლო პროცესი ზაფხულისთვის დაინიშნა


ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის სამი მეგობრის სასამართლო პროცესი 2014 წლის 23 ივნისს დაიწყება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ოთხშაბათს ბოსტონის სასამართლომ. სასამართლოს წინაშე წარდგებიან ყაზახეთის მოქალაქეები აზამატ ტაჟაიაკოვი და დიას კადირბაევი, ასევე ამერიკელი რობელ ფილიპოსი. პირველი ორი პირი ბრალდებულია სამხილების განადგურებასა და გამოძიებისათვის ხელის შეშლაში. ფილიპოსს კი ბრალად ედება ცრუ ჩვენების მიცემა. გამოძიების თანახმად, გასული წლის 15 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ცარნაევის თხოვნით, ბრალდებულები მივიდნენ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში და ცარნაევის ოთახიდან გაიტანეს მისი კუთვნილი ნოუთბუქი და ზურგჩანთა, სადაც პიროტექნიკა იდო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რუბელ ფილიპოსს 16 წლამდე, ყაზახეთის მოქალაქეებს კი 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამივე ბრალდებული უარყოფს დანაშაულს. ბოსტონის მარათონის ტერაქტმა, რომელიც, ბრალდების თანახმად, ჯოხარ ცარნაევმა ძმასთან, ტამერლანთან ერთად დაგეგმა და განახორციელა, სამი ადამიანი იმსხვერპლა. 250-მდე ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ტამერლან ცარნაევი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცავებთან სროლის შედეგად დაიღუპა, ჯოხარ ცარნაევი კი ბოსტონის მახლობლად დააკავეს.
XS
SM
MD
LG