Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: დავით კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობისადმი არაერთი შეკითხვა არსებობს


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილით დაინტერესებულნი არიან სხვა ქვეყნებიც და მისი ბიზნესსაქმიანობისადმი არაერთი შეკითხვა არსებობს - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას შეკითხვა დაუსვეს პრესით გამოქვეყნებულ მასალებზე, ოფშორული ზონების მეშვეობით კეზერაშვილის კომპანიის მრავალმილიონიანი ბრუნვის და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან შესაძლო კავშირის შესახებ. გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრმა „სკანდალური“ და „შოკის მომგვრელი“ უწოდა. „ჰკითხეთ ნაციონალურ მოძრაობას, საიდან აქვს კეზერაშვილის კუთვნილ კომპანიას 800 მილიონის ბრუნვა მხოლოდ 2012 წელს და მილიარდნახევრიანი ბრუნვა მას შემდეგ, რაც კერძო სექტორში გადავიდა“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციით უკვე დაინტერესდნენ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მიმართავენ ყველა ზომას, რათა მოკლე დროში საქმეს ნათელი მოჰფინონ. რაც შეეხება იარაღით უკანონოდ ვაჭრობას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ საკითხით დაინტერესებული არიან უცხოეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურებიც. „ძალიან საინტერესო, სკანდალური ფაქტები იკვეთება კეზერაშვილთან დაკავშირებით, დაველოდოთ გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ცნობილი“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეკითხვას, დაიკითხება თუ არა დავით კეზერაშვილის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამას გადაწყვეტს გამოძიება, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG