Accessibility links

უფარდებო სახლის ქრონიკები და გარყვნილი ევროპა


ავტორი: ნატო ჭუჭულაშვილი, პარიზი

ბოლო პერიოდში აღარავის უკვირს ისეთი განცხადებების მოსმენა, სადაც სასულიერო პირები ამბიონიდან ხოტბას ასხამენ ერთმორწმუნე რუსეთს და გმობენ აღვირახსნილ ევროპას. მეგონა ვეღარაფერს მოვისმენდი ახალსა და გამაოგნებელს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდი. მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის განცხადებამ, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ევროპა ინცესტის კერაა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მთელი დღე ვღრელავდი და ვფიქრობდი ჩემ მეგობრებზე, რომლებიც ევროპელებზე არიან დაქორწინებულები. სწორედ იმ ოჯახებზე, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, სადაც ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირი უფლებები აქვთ, სადაც ქმარი ცოლს არ სთხოვს ფეხის დაბანას, სადაც მდედრი მამრის დამორჩილებული არაა, სადაც ბავშვის აღზრდაში დედაც და მამაც თანაბრად მონაწილეობენ…

ამ ქადაგებამ, თუ რა ვიცი დემაგოგიამ, 10 წლის წინანდელი ამბავი გამახსენა: 2003 წელი იყო, თბილისს 90-იანების ნაიარევი ისევ ეტყობოდა და ჯერ კიდევ « მოდაში იყო » სამკაულისა და ფულის წართმევა ხელების გადაგრეხვის მეთოდით. მეც მათრიეს ერთხელ შუა რუსთაველზე კუნთმაგარმა ქართველმა ვაჟკაცებმა ჩანთაზე ჩაჭიდებული « არ მოგცემთ, არ გაგატანთ » ძახილით. ამ პერიოდში ვფიქრობდი რომ ვერ დაიჭირავდა « სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი », ამიტომ სახლში არასოდეს გავრბოდი მთვარის ამოსვლამდე. ერთხელაც, სადარბაზოსთან ჩემთვის მხოლოდ გამარჯობით ნაცნობი, უბნელი მამრი დამიხვდა და მეუბნება : « უკვე დიდი ხანია გაკვირდები, ხშირად გვიან ბრუნდები, ამიტომ გარეთ სიარულსა და თავის საფრთხეში ჩაგდებას აჯობებს ჩვენ მოვიფიქროთ რამე, აქვე უბანში იქნები სულ და სახლში გვიან დაბრუნებითაც არ გარისკავ საკუთარ სიცოცხლესო . » ახოვანს, რომელიც ჩემს ბედზე ასე ზრუნავდა, სახლში ახლადაბადებული 2 ტყუპი სიცოცხლე ელოდა. ასეთ « პერსპექტიულ » წიანანდებაზე ირონიულად ჩამეცინა და გზა გავაგრძელე. აბა რა უნდა მეთქვა ? მაშინ მასთან ახსნა-განმარტება და ლაპარაკი იმ გამოფენებზე, სპექტაკლებზე და სამსახურზე, რომლის გამოც დაღამებულზე ვბრუნდებოდი სახლში ისეთივე აბსურდი იყო, როგორც დღეს რელიგიური ბომონდისათვის იმის მტკიცება რომ ევროპა მხოლოდ ერთსქესიანთა ქორწინება არაა.

2004 წელს საქართველო დავტოვე და ბურგუნდიის პატარა სოფელში გადავბარგდი. მეზობლები თითქმის ყოველ შაბათს მეპატიჟებოდნენ სადილზე, მაგემოვნებინებდნენ საუკეთესო ღვინოებს და მაყოლინებდნენ ეგზოტიკურ ისტორიებს საქართველოზე. მორიგი ასეთი წვეულების დროს წითელი ღვინით შეზარხოშებულმა და გათამამებულმა ერთერთმა მეზობელმა ასეთი რაღაც მითხრა: “სამსახურის გამო, 2 წელი მომიწია ჩინეთში ოჯახთან ერთად ყოფნა, მთელი ეს პერიოდი შეგრძნება მქონდა რომ უფარდებო სახლში ვცხოვრობდი. მეგონა ყველა ჩემს ფანჯრებში იყურებოდა, ყველამ იცოდა ჩემი ოჯახის უმცირესი დეტალებიც კი. ადგილობრივები ისე უცნაურად გვიყურებდნენ, რომ მეგონა შავი ჭირის მატარებლები ვიყავით. შორიდან გვაკვირდებოდნენ სარეველა ბალახებივით და ახლოს არ გვეკარებოდნენ. ვფიქრობ საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, ყველა, ყველას ცხოვრებით ცხოვრობს და უცხოელს, რომლსაც საკუთარი ოჯახისა და სამეგობრო წრის იქით არავინ და არაფერი აინტერესებს, უცნაურად უყურებენ, სხვა პლანიტიდან ჩამოსულივით ექცევიანო.” მახსოვს საშინლად დავიბენი და პასუხი ვერ გავეცი, მხოლოდ არ ვიცი, რა ვიცი, არ მგონია ვიძახე… შევეცადე შევწინააღმდეგებოდი ბურგუნდიელ მეზობელს, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი რომ სწორი შეფასება გააკეთა.

გასულ ზაფხულს, საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეს აღმოვჩნდი « უფარდებო სახლის სპექტაკლზე. » ერთი უცნაური ჩვევა მაქვს: მობილურზე ლაპარაკი ღია ფანჯარაში დაყუდებულს მიყვარს. ერთერთი ასეთი საუბრისას, ჩემ დას მოპირდაპირე კორპუსიდან დაურეკეს და ეუბნებიან: “სოფო, გთხოვ ნატოს უთხარი, რომ უცნაურად არის ფანჯარაზე გადაკიდებული, ჩემ ძმას მეგობრები ჰყავს სტუმრად, ქეიფობენ და თან თქვენს ბინას თვალს არ აშორებენ. შეაპარე და იქნებ ფარდა მაინც ჩამოაფაროს, ხომ იცი როგორ პატივს ვცემთ თქვენს ოჯახს და არ მინდა ბიჭებმა ცუდი რამე იფიქრონო! » ამ დღეს კიდევ ერთხელ ვუთხარი არა “უფარდებო სახლის სპექტაკლებს” და კი - “გარყვნილ” ევროპას. დიახ, იმ ევროპას რომელიც მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და რომელსაც არასოდეს მოაფიქრდება მეზობლის სახლში გასაღების ღრიჭოდან ქურდულად შეჭვრეტა.

დიახ, მეუფე, მე პირად “ეგი” მინდა, სადაც არავინ დამიხვდება სადარბაზოსთან უცნაური “შემოთავაზებით”, სადაც არავინ მიკარნახებს როდის ავწიო და როდის დავუშვა ფარადა საკუთარი ოჯახის სცენაზე და სადაც მეზობლის ძმის ძმაკაცები არ მიგეგმავენ ცხოვრებას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG