Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა საპროტესტო აქციების საწინააღმდეგო ზომები


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ ზომებს საპროტესტო აქციების შესაზღუდად. დაამტკიცეს აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტს ანიჭებს დეპუტატისათვის იმუნიტეტის მოხსნის უფლებამოსილებას. ცვლილებებს უმალვე მოჰყვა ევროკავშირის კრიტიკული გამოხმაურება. ბრიუსელში დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის პრესმდივანმა, მარჩინ გაევსკიმ: „პრეზიდენტი (მარტინ შულცი) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის პარლამენტის მიერ კანონპროექტების დამტკიცების გამო, რადგან მათ შესაძლოა, შეზღუდონ მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. მათ შესაძლოა შეზღუდონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეუშალონ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობას. თუ ისინი კანონებად იქცევა, მათ შესაძლოა, უკრაინა დააბრუნონ ავტორიტარულ წარსულში“. უკრაინის პარლამენტში დამტკიცებული ახალი წესებით, სანქციების გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კარვების, ბარიკადების აღმართვა და ხმის გამაძლიერებლების დაყენება დაისჯება ჯარიმით 640-მდე დოლარის ოდენობით, ან 15 დღემდე პატიმრობით.
XS
SM
MD
LG