Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასაჯაროვდა პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებული მორიგების შეთანხმება


საიდუმლო გრიფი მოეხსნა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებული მორიგების შეთანხმება. მისი საჯაროდ გავრცელება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის და პატარკაციშვილის ოჯახის შეთანხმებით მოხდა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ 2011 წლის 6 ივლისს გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლებსაც იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტის, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით ხელი მოაწერა იუსტიციის მაშინდელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, ხოლო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სახელით მისმა ადვოკატებმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ბიზნესმენის ქვრივმა ინა გუდავაძემ საქართველოს სახელმწიფოს წინაააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში 2008 წელს მოახდინა საქმის ინიცირება ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნების და მთაწმინდის პარკის საიჯარო ხელშეკრულების აღდგენის მიზნით, ან 400 მილიონის ზარალის ასანაზღაურებლად. წულუკიანის თქმით, იმის გამო, რომ პატარკაციშვილის ოჯახს სამართლებრივი წესით შეეძლო ინტერესების დაცვა, საქართველოს წინა ხელისუფლებამ მოლაპარაკება გადაწყვიტა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მხარეთა მორიგების შედეგად გაფორმდა 17 საწარმოს საგადასახადო დავალიანებაზე უარის თქმის შეთანხმებები, მთაწმინიდის პარკზე იჯარის ხელშეკრულება ხელახლა დაიდო თბილისის მუნიციპალიტეტთან, ოჯახს უნდა გადასცემოდა რუსთავის ყოფილი მეტალურგიული ქარხნის მთლიანი ქონება და შესაბამის კომპანიას მაუდის ფაბრიკის ქონება. თეა წულუკიანის განცხადებით, მხოლოდ ამის სანაცვლოდ შეწყვიტა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საარბიტრაჟო დავა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ გამო, რომლის დაბრუნებაზეც ოჯახმა უარი იძულებით თქვა. იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა და მოდელი, რომლითაც ბიზნესს ებრძოდა ნაციონალური მოძრაობა. თეა წულუკიანის განცხადებითვე, წინა ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს, კერძოდ საერთაშორისო არბიტრაჟის შეეშინდა და სწორედ ამიტომ ამჯობინა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან მორიგება.
XS
SM
MD
LG