Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის არჩევნები – 40 თუ 50-პროცენტიანი ბარიერით?


საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევისას ბარიერი 30%-დან 40%-მდე გაიზარდოს, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორ მმართველ გუნდს ოპოზიცია პოლიტიკურ ამნეზიაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კოალიციაში შემავალი პარტიები ოპოზიციაში იყვნენ, ისინი თავად მოითხოვდნენ ბარიერის 50%-მდე გაზრდას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თვითონ კოალიციაში შემავალმა ორმა პარტიამაც კი განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ბარიერთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს საერთოდ არ აინტერესებს, რას ფიქრობენ კოალიციის წევრები...
ლევან ვეფხვაძე

სანამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მწვავე შეფასებებსა და არგუმენტებზე გეტყოდეთ, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევისას ბარიერი 30%-დან 40%-მდე გაიზარდოს, თავად მმართველი გუნდის წევრს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის მოვუსმინოთ:

„40% საკმაოდ მაღალი ბარიერია. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე შევჯერდებით. 40% არის ის ბარიერი, რომელიც სერიოზულ მაღალ ლეგიტიმურობას აძლევს ნებისმიერ არჩეულ ადამიანს“.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, თინა ხიდაშელი, აცხადებს, რომ მერის არჩევისას ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში თანხმობაა, თუმცა, მისივე სიტყვებით, მთავარი იქნება, რას გადაწყვეტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი.

სწორედ ინტერფრაქციული ჯგუფის ბოლო შეხვედრას იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე, რომელიც 9-11 იანვარს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა საარჩევნო საკითხების განხილვაში და ირწმუნება, რომ შეხვედრაზე თავად კოალიციაში შემავალმა ორმა პარტიამ დაუჭირა მხარი ბარიერის 50%-მდე გაზრდას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 25-27 იანვრისთვის იქნებოდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თარიღს არ დაუცადა და, ყველასთვის მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევისას ბარიერი 40%-მდე გაიზრდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თვითონ კოალიციაში შემავალმა ორმა პარტიამაც კი განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ბარიერთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს საერთოდ არ აინტერესებს, რას ფიქრობენ კოალიციის წევრები. დღეს ამ პარტიებს მოუწევთ, ასე ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების „გაპრავება“ და დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ეს 40% კარგი პროცენტია“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
ნაციონალებს ჰქონდათ 30%-იანი ბარიერი, ჩვენ ვითხოვდით 50%-იანს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა კომპრომისული ვარიანტი, 40%, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით და რადგან არ დავთანხმდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ძველი ვერსია დატოვა და იმიტომ არის ახლა 30%-იანი ბარიერი მერთან დაკავშირებით...
მამუკა კაციტაძე

რატომ მაინცდამაინც 50 და არა 40 პროცენტი? პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ ითხოვდა ოპოზიცია წლების წინ მერის არჩევისას ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდას და რატომ ითხოვს ახლაც იმასვე:

„თუ გვინდა, რომ უმრავლესობამ აირჩიოს მერი, ამ პირველ ტურში უნდა იყოს 50% პლუს ერთი ხმა, რაც ავტომატურად ნიშნავს უმრავლესობას, ან უნდა იყოს მეორე ტური, სადაც დარჩება ორი კანდიდატი და, ორი კანდიდატის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებს ერთ-ერთი ნახევარზე მეტს, თუ, რა თქმა უნდა, ზუსტად არ გაიყო შუაზე ხმები, რასაც ასევე ითვალისწინებს კანონი, რომ შემდეგ საჭირო ხდება ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამიტომ საუბარი იმაზე, თუ რატომ 50 და არა 40, არასერიოზულობის განცდა რომ არ დარჩეს საზოგადოებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ 50 პროცენტის მიღმა დგას სწორედ ის, რომ უმრავლესობა ირჩევს მერს, გამგებელს, მაჟორიტარს თუ ა.შ.“

მამუკა კაციტაძე იხსენებს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს და სამი პარტიისგან - „ახალი მემარჯვენეების“, „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ - შემდგარ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის“. როგორც მემარჯვენე კაციტაძე გვეუბნება, ეს ალიანსი 2010 წელს თბილისის მერის ასარჩევად 30%-იანი ბარიერის დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდა და მაშინდელ ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“, 50%-იანი ბარიერის შემოღებისკენ მოუწოდებდა:

„ნაციონალებს ჰქონდათ 30%-იანი ბარიერი, ჩვენ ვითხოვდით 50%-იანს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა კომპრომისული ვარიანტი, 40%, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით და რადგან არ დავთანხმდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ძველი ვერსია დატოვა და იმიტომ არის ახლა 30%-იანი ბარიერი მერთან დაკავშირებით. მოდით, ასე ვიტყვი, მინიმუმ ეს არის გულმავიწყობა და მაქსიმუმ ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლით შეპყრობილი ახალი ხედვა, ახალი განწყობა კონკრეტული საკითხის მიმართ“.

ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბარიერის გაზრდის საკითხი მუდმივად იდგა დღის წესრიგში უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათი მოთხოვნაც, ოპოზიციის მოთხოვნის მსგავსად, ბარიერის 50%-მდე გაზრდა იყო. ის წუხილს გამოთქვამს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა და საუბარი ხელისუფლებამ დაგვიანებით დაიწყო:

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
„ჩვენ დღესაც ვფიქრობთ, რომ მისული ამომრჩევლის ნახევარი ეს არის უკვე მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს ახლად არჩეულ თანამდებობის პირებს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ თუნდაც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი ახლახან შეიქმნა და როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას უფრო საფუძვლიან ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, არგუმენტებად ძირითადად გვესმის ის, რომ დრო აღარ არის და ამ ეტაპზე სისტემის ძირეული ცვლილება შეუძლებელია“.

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება შიშობს, ვაითუ მმართველი გუნდის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ დაძლიოს და თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევისას 40%-იან ბარიერს ამის გამო აწესებს. მმართველ გუნდში ოპოზიციონერთა ამ აზრს კატეგორიულად უარყოფენ.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია "ქართული ოცნება" თვითმმართველობის რეფორმას გეგმავს და მერის პირდაპირი წესით ასარჩევად არჩევნების ჩატარებას ყველა თვითმმართველ ქალაქში აპირებს. პირდაპირი წესით აირჩევიან ასევე გამგებლებიც.
XS
SM
MD
LG