Accessibility links

იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა დემონსტრაციების შეზღუდვას


უკრაინაში შემოღებულმა კანონმდებლობამ, რომელიც დემონსტრაციების გამართვას ზღუდავს, მძაფრი საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. ევროკავშირი და აშშ „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ. პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო კანონი, რომელიც ქუჩაში გამართულ აქციებს მნიშვნელოვნად ზღუდავს და ასევე დაამტკიცა შესწორებები, რომლებიც პარლამენტს, სადაც დომინანტურ ძალას მმართველი პარტია წარმოადგენს, გაუადვილებს იმუნიტეტის მოხსნას დარღვევების ჩამდენი პარლამენტარებისთვის. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი აცხადებს, რომ ეს ინიციატივები „ზღუდავს უკრაინის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მიღებული ზომები სერიოზულ ეჭვებს აღძრავს უკრაინის მხრიდან დემოკრატიული ნორმების ერთგულების თაობაზე. უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინაში დიქტატურა იკიდებს ფეხს. პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ ოპოზიციას მოუწოდა არ დაუშვას ახალი კანონმდებლობის ამოქმედება.
XS
SM
MD
LG