Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა მდმდინარე ფსოუზე „სასაზღვრო ზონის“ შექმნის თაობაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა თავისი ვებსაიტის საშუალებით განცხადება, რომელშიც „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, რომელიც გულისხმობს 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნას. აღნიშნულმა უკანონო ქმედებამ განაპირობა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 11 კილომეტრით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევა“, წერია სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს დიპლომატიური უწყება განმარტავს თავის, 20 იანვრის ამ განცხადებაში: „საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნა, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, კიდევ ერთხელ ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და წარმოადგენს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. აღნიშნული უკანონო ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმის ფონზე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების პროცესი, მნიშვნელოვნად იზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლება და მიმდინარეობს სამხედრო კონტინგენტის გაზრდა“. განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება მოსკოვის მიმართ: „შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები“.
XS
SM
MD
LG