Accessibility links

logo-print

კიევში გრძელდება დაპირისპირება


კიევში გრძელდება დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის. გასულ ღამეს „ბერკუტის“ წევრები შეეცადნენ გრუშევსკის ქუჩაზე არსებული ბარიკადების შტურმს, თუმცა, შემდგომ უკან დაიხიეს. „ბერკუტმა“ აგრეთვე დაამტვრია დემონსტრანტების მიერ აწყობილი კატაპულტი. მილიცია იყენებს ტრავმატულ იარაღს, ცრემლსადენ გაზსა და ხმოვან ყუმბარებს. დემონსტრანტები მილიციის კორდონებს ქვებსა და აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლებს უშენენ. „დინამოს“ სტადიონთან მილიციის რამდენიმე ავტობუსი იწვის, ტერიტორია კვამლშია გახვეული. შეტაკებები კიევის ცენტრში დაიწყო კვირას, 19 იანვარს „სახალხო ვეჩეს“ შემდეგ, რომლის მონაწილეებმაც გააპროტესტეს უმაღლესი რადის მიერ მიღებული კანონები, რომლებიც მასობრივი ღონისძიებების გამართვის რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პირებს ხელისუფლების მიმართ მუქარის ინტერნეტში გავრცელებისათვის. უკრაინის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეტაკებების შედეგად ორივე მხრიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 29 მედიის წარმომადგენელია. ოპოზიცია მოითხოვს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დაუყოვნებლივ შეხვედრას მწვავე კრიზისიდან რეალური გამოსავლის მოსაძებანდ. პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. მემარჯვენე-რადიკალური „სვობოდის“ ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი კი უარს აცხადებს ხელისუფლებასთან ნებისმიერი სახის დიალოგზე, ვიდრე არ გაუქმდება 16 იანვარს მიღებული ანტიკონსტიტუციური კანონები.
XS
SM
MD
LG