Accessibility links

ტელერადიო ცენტრმა უპასუხისმგებლო უწოდა მერიის გადაწყვეტილებას


თბილისის მერიის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა საქართველოს ტელერადიო ცენტრმა, რომელიც ექსპლუატაციას უწევს თბილისის ანძას. ცენტრის განმარტებით, ანძის სასიგნალო განათება, ე.წ. შუქურა მერიის კატეგორიული მოთხოვნით 2007 წელს გამოირთო, მას შემდეგ, რაც ანძაზე დღეს არსებული დეკორატიული განათება დამონტაჟდა. „მიუხედავად იმისა, რომ შუქურა 2007 წლიდან პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, ტელერადიო ცენტრის ტექნიკური სამსახური რეგულარულად ახდენს შუქურის მდგომარეობის შემოწმებას, რაც ბოლოს 2013 წლის დეკემბერში მოხდა“, - ნათქვამია ცენტრის დღევანდელ განცხადებაში. მისივე განმარტებით, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე, 20 იანვარს 16 საათსა და 30 წუთზე თბილისის მერიის დავალებით, ტელერადიო ცენტრის ტექნიკურ სამსახურთან შეუთანხმებლად მოხდა ანძის განათების გათიშვა, შუქურა კი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით არ ჩაირთო, რამაც საფრთხე შეუქმნა თბილისის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას. ტელერადიო ცენტრის განცხადებითვე, თბილისის მერიის მხრიდან წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში ტექნიკური სამსახური შეძლებდა განათების ხელახალ საკონტროლო შემოწმებას შესაძლო საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG