Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: თუ ლეფორის განცხადება სიმართლე აღმოჩნდება, საქართველოს უმკაცრესი რეაგირება ექნება


„თუ ფილიპ ლეფორის განცხადება სიმართლე აღმოჩნდება, მას პრობლემები ექნება არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ თავად ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი კომენტარი მოჰყვა ოსური და რუსული მედიასაშუალებებით 20 იანვარს გავრცელებულ ცნობას, რომ ევროკავშირიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა ცხინვალში სტუმრობისას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას უწოდა ხალხის მიერ დიდი ხნის წინ განსაზღვრული პოზიცია, რომლის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. „ეს რეალობაა, რომლითაც ცხოვრება და მუშაობა უნდა ისწავლო“, - ლეფორის ეს სიტყვები სააგენტოებმა „რესმა“ და „რეგნუმმა“ გაავრცელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმას, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, ხვალ მოისმენს თავად ფილიპ ლეფორისგან, რომელიც ევროკავშირიდან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის სტატუსით თბილისში გამოსამშვიდობებელ შეხვედრას გამართავს. მაია ფანჯიკიძის თქმით, თუ ინფორმაცია დადასტურდება, საქართველოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დადასტურების შემთხვევაში, ეს განცხადება მიუღებელი იქნება თავად ევროკავშირისთვის, რომლის ყველა სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG