Accessibility links

ერგნეთის 41-ე შეხვედრა უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა


ერგნეთში გაიმართა მორიგი, რიგით 41-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრაში პირველად მონაწილეობდა ელჩი ანჯელო გნედინგერი, ეუთოს მორიგე თავმჯდომარე შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. მასთან ერთად, შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, ტოივო კლაარმა. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრა უჩვეულოდ დიდხანს, შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა - განსაკუთრებით დიდხანს განიხილებოდა ე.წ. სასაზღვრო ღობეებისა და მავთულხლართების თემა. ქართულმა მხარემ კვლავ გააპროტესტა რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართული სოფლების სიახლოვეს მავთულხლართების გაბმა. ეუთოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებმა წამოჭრეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი, მათ შორის მავთულხლართების გაბმის და ადამიანების დაკავების პრობლემები, ელექტროენერგიით და წყლით მომარაგება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთის მორიგი შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG