Accessibility links

„ევრომაიდნის“ გაუჩინარებული აქტივისტი დაბრუნდა


„ევრომაიდნის“ გაუჩინარებული აქტივისტი იგორ ლუცენკო 22 იანვარს გამთენიისას გამოჩნდა. ის „ბერკუტთან“ შეტაკებისას საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, მან ახლობლებს მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იგორ ლუცენკო ინფორმაციას ფეისბუკზე თავის გვერდზე ავრცელებს: „უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მე მინიმუმ სამჯერ დავემშვიდობე სიცოცხლეს, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. გამოვაღწიე ტყიდან, სადაც გამტაცებლებმა წამიყვანეს. არაფერი სერიოზული, უბრალოდ გამტაცებლებთან 15-საათიანი ურთიერთობა ძალიან მძიმე გამოდგა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად“, - წერს ლუცენკო. სამშაბათს საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა არსენი იაცენიუკმა გენერალურ პროკურატურასა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა მოთხოვნით, დაეწყოთ გამოძიება ლუცენკოს გაუჩინარების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ევრომაიდნის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ლუცენკო სამშაბათს გაიტაცეს უცნობმა პირებმა. ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფდა იგორ ლუცენკოს დაკავების ფაქტს. ლუცენკო გატაცებამდე თავის უკანასკნელ სმს-ში ახლობლებს სწერდა, რომ მას ოთხი უცნობი პირი უახლოვდება. როდესაც აქტივისტები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ლუცენკო იქ უკვე აღარ იყო, მისი მანქანა კი საავადმყოფოსთან იდგა. 20 იანვრის ღამეს დააკავეს ასევე „ევრომაიდნის“ სხვა რამდენიმე მონაწილე და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკრეტული მიზეზების გარეშე დააკავეს შვიდი სტუდენტიც.
XS
SM
MD
LG