Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის გადაწყვეტილების გამო


საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების მოტივით, რუსეთის მიერ საქართველოსთან შეუთანხმებლად ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში სასაზღვრო ზოლის 11 კილომეტრით გაფართოების გამო. თურქეთიდან დაბრუნებულმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიაზე ფლობს ფაქტობრივად სრულ სამხედრო კონტროლს, მისი ქმედება არ არის უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი და მას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს. „მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველომ სოჭის ილიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, მოსკოვის და თბილისის ურთიერთობის განვითარებას ის აფერხებს, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ რეალობას არ აღიარებს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე და არც ერთი ხელისუფლება არ შეეგუება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას.
XS
SM
MD
LG