Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბადაშვილის განცხადებით, პროკურატურა რთული გამოწვევების წინაშე დგას


საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ მისი და პროკურატურის თითოეული თანამშრომლის მუშაობა მიმართული იქნება საზოგადოების უსაფრთხოების და სამართლიანობისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პირობებში. დღეს გავრცელებულ განცხადებაში გიორგი ბადაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურამ ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, კვლავ საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას. „ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების სტანდარტების ამაღლებას და მტკიცებულებათა მოპოვების გზების დახვეწას, რაც გახმაურებული საქმეების სიმრავლის პირობებში, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება“, - აცხადებს მთავარი პროკურორი. მისივე შეფასებით, უნდა ამაღლდეს თითოეული საქმის გამოძიებისას საპროკურორო ზედამხედველობისა და საპროცესო კონტროლის ხარისხი, რაც სასამართლო განხილვისას პროკურორების მხრიდან სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად განხორციელების საფუძველს შექმნის. გიორგი ბადაშვილი აუცილებლად მიიჩნევს პროკურატურის კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, გამოცდლილი თანამშრომლების შენარჩუნებასა და პერსპექტიული ახალგაზრდების მოძიებას.
XS
SM
MD
LG