Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25-ე ტელეარხის დამფუძნებელი ზეწოლაში ადანაშაულებს პროკურატურის თანამშრომლებს


ბათუმის 25-ე ტელეარხის დამფუძნებელი და მფლობელი ზეწოლაში ადანაშაულებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს. ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი სურმანიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა და საქმის პირადად გაკონტროლება სთხოვა. სურმანიძის განცხადებით, ის და 25-ე არხის მფლობელი ჯემალ ვერძაძე 17 დეკემბერს დაიბარეს მთავარ პროკურატურაში, სადაც მათზე ზეწოლას ახდენდა ათამდე გამომძიებელი და მაღალჩინოსანი და მოითხოვდნენ დაედასტურებინათ, თითქოს 2012 წლის 24 თებერვალს 25-ე არხის წილის გასხვისება მოხდა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით. „მოითხოვდნენ, რომ დაგვესახელებინა ზურაბ ადეიშვილის, დავით ჩხატარაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის გვარები, რომლებიც ე.წ. "დანაშაულებრივი გარიგების" ორგანიზატორებად და მფარველებად უნდა წარმოგვეჩინა“, - ნათქვამია გიორგი სურმანიძის განცხადებაში. 25-ე არხის დირექტორი აღნიშნავს, რომ მან და ვერძაძემ კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის საეჭვო გარიგებაში მონაწილეობა, რადგან დასახელებული მაღალჩინოსნებისთვის უკანონობის დაბრალების არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ. „მიუხედავად იმისა, რომ თავი არ აგვირიდებია გამოძიებისთვის, პროკურატურამ რადიკალური ზომები მიიღო და 16 დეკემბრიდან აგვიკრძალა საქართველოს დატოვება, მაშინ როცა, გამოძიებისთვის ცნობილი იყო ჩემი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების აუცილებლობა, 23 დეკემბერს კი დაგვიყადაღეს პირადი ქონება და ყველა საბანკო ანგარიში, სახელფასო ანგარიშების ჩათვლით”, - ნათქვამია სურმანიძის განცხადებაში. 25-ე არხის დირექტორს იმედი აქვს, რომ პრემიერ-მინისტრი პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შეჩერებას შეძლებს, „რათა საქართველოში არ გაჩნდეს უსამართლობის მსხვერპლთა ახალი ჯგუფი.“ გიორგი სურმანიძემ წერილი საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG