Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი არ აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ევროკავშირს დაჰპირდა, რომ არ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ევროკომისიის პრესმდივანმა ოლივიე ბეილიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იანუკოვიჩისაგან ეს დაპირება მიიღო ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, დღევანდელი სატელეფონო საუბრისას. ბეილის თქმით, ბაროზუმ იანუკოვიჩს შესთავაზა დახმარება უკრაინაში დაპირისპირების მოსაგვარებლად. „პრეზიდენტმა ბაროზუმ ასევე უთხრა ბატონ იანუკოვიჩს, რომ რასაკვირველია, მზად ვართ დიალოგისა და ვითარების განმუხტვის ხელშესაწყობად. ამიტომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მას შესთავაზა, რომ ევროკომისარი შტეფან ფიულე ხვალ გაემგზავრება კიევში და ამ შეხვედრების შემდეგ შესაძლოა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეთრინ ეშტონიც ჩაფრინდეს კიევში მომავალ კვირაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა. ოთხშაბათს ოპოზიციის ლიდერებმა იანუკოვიჩს წაუყენეს 24-საათიანი ულტიმატუმი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ულტიმატუმის ვადა ხუთშაბათს, გვიან საღამოს ამოიწურება. ოთხშაბათს უკრაინაში პირველად მოჰყვა მსხვერპლი ორი თვის წინ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს - დაიღუპა სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG