Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე


საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთი განცხადება მიიღო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა ერთხმად, 118 ხმით მიიღო, ნათქვამია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს. "საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს. საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის ზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG