Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი: მთავრობაში ცვლილებები მოხდება, აქტივისტებს ამნისტია შეეხება


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ მთავრობაში ცვლილებები მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე, რომელიც სამშაბათისთვის არის დანიშნული. ამასთან, რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრის დროს იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ათობით დაკავებულ აქტივისტს ამნისტიას შეუფარდებს და შესწორებებს შეიტანს კანონებში, რომლებიც ზღუდავს დემონსტრაციების გამართვას. ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებმა პარასკევს კიევში თავიანთი საპროტესტო ბანაკი გააფართოვეს. ამას წინ უძღოდა ხუთშაბათს იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის გამართული უშედეგო მოლაპარაკება. დემონსტრანტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროც დაიკავეს. ოპოზიციის ლიდერებმა ხუთშაბათს მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გამართეს იანუკოვიჩთან, თუმცა დემონსტრანტებმა უარყვეს იანუკოვიჩის მიერ შემოთავაზებული დათმობები. უკრაინის დასავლეთის რამდენიმე ქალაქში რეგიონული ადმინისტრაციის შენობები დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს დაადასტურა, რომ ოთხშაბათს მოკლული ორი დემონსტრანტი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით დაიღუპა - თუმცა განაცხადა, რომ მათ სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს. პარასკევს კიევში ჩავიდა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე და იანუკოვიჩთან გამართა შეხვედრა. ფიულეს პროგრამა ოპოზიციასთანაც ითვალისწინებს შეხვედრას. კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო შარშან, ნოემბერში. აქციები მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG