Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო კიდევ ოთხ რელიგიურ ჯგუფს დააფინანსებს


საქართველოს სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა კიდევ ოთხ რელიგიურ ჯგუფს დააფინანსებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე მუსლიმთა, კათოლიკეთა, გრიგორიანელთა და იუდეველთა კონფესიების დაფინანსების საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბჭოთა პერიოდში ამ კონფესიათა დევნა დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საბიუჯეტო დაფინანსება დაეფუძნება პრინციპს, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება უპრეცედენტოა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც, რადგან ბიუჯეტიდან რელიგიური ჯგუფების დაფინანსება, როგორც წესი, არ ხდება. „მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის სამართლიანი საფუძველი და, ამასთან, ეს იქნება დადასტურება, რომ საქართველოში პატივს თანაბრად სცემენ სხვადასხვა კონფესიას და ამ ნიადაგზე არანაირი შუღლი და კონფლიქტი არ არსებობს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია, რომ რელიგიურ ნიადაგზე გასულ თვეებში მომხდარ რამდენიმე ინციდენტში, სამწუხაროდ, აშკარად იყო გამოკვეთილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა როლი.
XS
SM
MD
LG