Accessibility links

ზალკალიანი: ყველაფერი კეთდება ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის უსაფრთხოების დასაცავად


საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაცული იყოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართული დელეგაციის უსაფრთხოება - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელია და სოჭში მიემგზავრება მხოლოდ სპორტსმენების და არა ქვეყნის ოფიციალური პირების დელეგაცია. ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთმა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საბაბით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, კერძოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვარი 11 კილომეტრით გადმოწია, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით. „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის გამო შესაბამისი ინსტრუქციები აქვთ მიღებული საელჩოებს და წარმომადგენლობებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა სრულყოფილად მოხდეს მსოფლიო თანამეგობრობის ინფორმირება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი ინფორმაციით, გასულ კვირაში საქართველოს დელეგაციებმა ეუთოსა და ევროსაბჭოში განაცხადეს, რომ რუსეთი კვლავ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საქართველოს ოკუპაციას განაგრძობს. ზალკალიანის ცნობით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებმაც რუსეთის ქმედებები დაგმეს და მას 2008 წლის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG