Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი შეშფოთებულია უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობის გამო


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი ამბობს, რომ „შეშფოთებულია“ იმ ცნობების გამო, რომ უკრაინის მთავრობამ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, ანტისამთავრობო დემონსტრანტებზე ზეწოლის მიზნით. წერილობით განცხადებაში ეშტონი ამბობს, რომ აპირებს სამშაბათს კიევს ეწვიოს და მოლაპარაკებები გამართოს. განცხადების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ შესაძლოა ბიძგი მისცეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას. ამასთან, ეშტონი ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს „დისტანცირება მოახდინონ იმ ფიგურებისგან, რომლებიც ძალადობას მიმართავენ“. ორშაბათს უფრო ადრე პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში ოპოზიციის ლიდერებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. სააგენტო „როიტერსი“ პრეზიდენტის ვებსაიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ დემონსტრაციების შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის ნაწილის გაუქმებაზე. ამასთან, ვებსაიტის თანახმად, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა ოფიციალურად თქვა უარი იანუკოვიჩის მიერ მისთვის შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო ნოემბრის ბოლოს - მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. დემონსტრაციებთან დაკავშირებულ ძალადობას სულ მცირე სამი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG