Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საპროტესტო აქციებს 21-ე საუკუნის პირველ გეოპოლიტიკურ რევოლუციად აფასებს


უკრაინაში გასული წლის ნოემბრიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებს 21-ე საუკუნის პირველ გეოპოლიტიკურ რევოლუციად აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ჰყოფს, არის გამყოფი ზოლი მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი." საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით, მათი დამარცხება კი ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდესი უკუსვლა იქნება. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საკმაოდ კარგად იცნობს პუტინს და იცის, რომ სადამსჯელო ზომების უკან სწორედ ის დგას ისევე, როგორც მისი ხელი ურევია ბაშარ ასადის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვასა და ირანის ატომური იარაღის პროგრამაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, კრემლია ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს და დროა, პასუხისმგებლობა დაეკისროს ნათლიას და არა მხოლოდ მისი კლანის წევრებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დასავლეთმა უკვე დაგმო იანუკოვიჩის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა და აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესონ უკრაინის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ოლიგარქებს და მოსკოვი პირდაპირ უნდა გააფრთხილონ, რომ შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა.
XS
SM
MD
LG