Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა საშუალო ფენის მხარდაჭერის დაპირებას იძლევა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველწლიურ მიმართვაში წარმოადგინა „კონკრეტული, პრაქტიკული წინადადებები“ მდიდარსა და ღარიბს შორის ეკონომიკური უფსკრულის შესავსებად. სამშაბათს საღამოს გამოსვლისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „სადაც და როცა კი“ შესაძლებელი იქნება, ის კანონმდებლების გვერდის ავლით მიიღებს გადაწყვეტილებებს აშშ-ის ეკონომიკის ხელშეწყობისთვის: „უთანასწორობა გაღრმავდა. აღმავალი მობილურობა შეჩერდა. მძიმეა ფაქტი, რომ ეკონომიკის ნორმალიზების პროცესში ძალიან ბევრი ამერიკელი მუშაობს მეტს, ვიდრე ოდესმე უმუშავია იმისათვის, რომ გადარჩეს, წინსვლაზე ლაპარაკიც არ არის“. ობამამ აგრეთვე განაცხადა, რომ, როცა ეს აუცილებელი იქნება, სიამოვნებით იმუშავებს კანონმდებლებთან ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის, ამერიკის საშუალო ფენის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და გაზრდის გზით. ობამა თვლის, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ირანის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას ყოველმხრივ უნდა შეეწყოს ხელი და ამიტომ აპირებს ვეტო დაადოს კონგრესის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალის მცირე ნაწილი დარჩება ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც, თუკი ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ხელს მოაწერს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წლის ბოლოს ის დასრულებულად გამოაცხადებს 12 წლიან ომს ავღანეთში და ნებისმიერი სამხედრო ძალა, რომელიც 2014 წლის შემდეგ დარჩება ავღანეთში, მხოლოდ წვრთნისა და ავღანეთის უშიშროების ძალების მხარდაჭერისთვის იქნება.
XS
SM
MD
LG