Accessibility links

logo-print

საჯარო სკოლების მანდატურებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს


საჯარო სკოლების მანდატურებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ მანდატურებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს და ხვალიდან ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ სკოლებში მუშაობას. სანიკიძესთან შეხვედრამდე განათლების სამინისტროსთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მანდატურები აღნიშნავდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად სკოლის დირექტორებზე მათი დაქვემდებარება უმუშევრად დარჩენის საფრთხეს ქმნის. აქციის მონაწილეები ვარაუდობდნენ, რომ სამინისტრო მანდატურის სამსახურის საერთოდ გაუქმებას აპირებს. ეს მოსაზრება კატეგორიულად უარყო განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, რომელმაც მცდარი ინფორმაციის გავრცელებას პროვოკაცია უწოდა. სანიკიძის განმარტებით, მანდატურების საქმიანობას სკოლის დირექტორები არ განსაზღვრავენ და ისინი მხოლოდ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის თანამონაწილენი გახდნენ. მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანდატურმა ნინო ქოჩორაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შემდგომი მუშაობის და ხელფასის შესახებ თამარ სანიკიძისგან დადებითი პასუხი მიიღეს. თავად განათლების მინისტრის განცხადებით, მანდატურებთან შესათანხმებელი პრაქტიკულად არაფერი იყო და პრობლემის შექმნა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG