Accessibility links

ამერიკელები ჯასტინ ბიბერის დეპორტირებას ითხოვენ


100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას თეთრი სახლის საიტზე, რომლებიც კანადელი მომღერლის 19 წლის ჯასტინ ბიბერის დეპორტირებას და შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლების ჩამორთმევას ითხოვენ. არსებული წესების თანახმად, ამერიკის ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა გადახედოს ამ მოთხოვნას და პასუხი გასცეს მოქალაქეებს, რომლებმაც პეტიციას ხელი მოაწერეს, იტყობინება რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი. ხელმოწერების შეგროვება დაიწყო რამდენიმე ხნის წინ მომხდარი სკანდალის შემდეგ, რომლის მონაწილეც იყო ცნობილი მომღერალი. გასულ კვირას, ის შტატ ფლორიდაში დააკავეს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, დასახლებულ უბანში რბოლის გამართვას აპირებდა. მას ჯარიმის გადახდა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრება. ამასთანავე კალიფორნიის პოლიცია იქ, სადაც ბიბერი მდიდრულ ვილაში ცხოვრობს, მეზობლების საჩივრის საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს. მეზობლები ირწმუნებიან, რომ მომღერალი და მისი მეგობრები, გართობის მიზნით, მათ სახლებს კვერცხებს ესროდნენ. აშშ-ის საიმიგრაციო კანონების თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია ჩამოართვას უცხოელს ვიზა და ცხოვრების უფლება იმ შემთხვევაში, თუკი ის დამნაშავედ იქნება ცნობილი, ან მისჯილი ექნება მინიმუმ ერთწლიანი პატიმრობა.
XS
SM
MD
LG