Accessibility links

logo-print

ერაყში კონტროლი აღადგინეს მთავრობის შენობაზე, რომელშიც ექსტრემისტები შეიჭრნენ


ერაყის უშიშროების ძალებმა კონტროლი აღადგინეს ტრანსპორტის სამინისტროს კუთვნილ შენობაზე, რომელშიც ხუთშაბათს შეიჭრა, სულ ცოტა, ექვსი შეიარაღებული პირი. დაიღუპნენ ექვსივე თავდამსხმელი და ტრანსპორტის სამინისტროს, სულ ცოტა, ორი თანამშრომელი. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის ყველა თავდამსხმელი. ხუთშაბათსვე ბაღდადში ორი ბომბი აფეთქდა ბაზრის მახლობლად. დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი. ამ ინციდენტების შედეგად ერაყში 900-ს გადააჭარბა მარტო იანვარში დაღუპულთა რიცხვმა. ცნობები ვრცელდება ცენტრალური ანბარის პროვინციიდანაც, სადაც ორ ქალაქში, რამადისა და ფალუჯაში გრძელდება დაპირისპირება ერაყის ჯარებსა და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებს შორის. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის ცნობით, უშიშროების ძალები ნაკლებად ინტენსიურად ბომბავენ ამ ქალაქებს. ბრძოლების გამო ათიათასობით ადგილობრივი მოსახლე გაიქცა რამადიდან და ფალუჯიდან.
XS
SM
MD
LG