Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი კვირის წინ გაუჩინარებული "ავტომაიდნის" აქტივისტი ნაწამები გამოჩნდა


უკრაინის „ავტომაიდნის“ ერთ-ერთი ლიდერი დმიტრო ბულატოვი, რომელიც 22 იანვრიდან დაკარგულად ითვლებოდა, ხუთშაბათს კიევთან ახლოს გამოჩნდა. მან ჟურნალისტებს მოუთხრო, რომ გაიტაცეს და აწამეს. ბულატოვმა არ იცის ვინ იყვნენ გამტაცებლები. ამბობს, რომ მამაკაცები რუსული აქცენტით ლაპარაკობდნენ. ოპოზიციის აქტივისტს მრავალი ჭრილობა აქვს სახეზე, გაჭრილი აქვს ყური, აქვს ტვინის შერყევა, ხელები დახვრეტილი აქვს, თითქოს მის გაკვრას შეეცადნენ. ოპოზიციონერი დეპუტატის პეტრო პოროშენკოს თქმით, მთელი 8 დღის განმავლობაში აწამებდნენ, ხელებშეკრული ბნელ შენობაში ჰყავდათ, ბოლო ორი დღე საკვებიც არ მიუციათ. ხანგრძლივი წამების შემდეგ ბულატოვი გზაზე გამოიყვანეს და მანქანიდან გადმოაგდეს. დმიტრო ბულატოვმა დამოუკიდებლად შეძლო კიევთან ახლოს მდებარე სოფელ ვიშენკიმდე მიღწევა, საიდანაც მეგობრებს დაუკავშირდა. სოფელი ვიშენკი მდებარეობს სოფელ გნედინთან ახლოს, სადაც იპოვნეს გარდაცვლილი აქტივისტი იური ვერბიცკი და გატაცებული აქტივისტი იგორ ლუცენკო. დმიტრო ბულატოვი ახლა კიევის კლინიკაში იმყოფება. პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ მომხდარს „მაიდნის“ აქტივისტებისა და დემონსტრანტების დაშინების აქტი უწოდა. დმიტრო ბულატოვი მოძრაობა „ავტომაიდნის“ ერთ-ერთი ლიდერია. ეს ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში. ბულატოვი 22 იანვრიდან 30 იანვრამდე აღარ დაკავშირებია მეგობრებსა და ნათესავებს. იმავე დღეს „ბერკუტის“ წევრებმა „ავტომაიდნის“ რამდენიმე წევრი დააკავეს, თუმცა, ბულატოვი მათ შორის არ იყო. ბულატოვის გაუჩინარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
XS
SM
MD
LG