Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის დარაჯები


ვაკის პარკში, ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ერთი თვეა, გარემოსდამცველები და რიგითი მოქალაქეები მორიგეობენ. ისინი ამ ტერიტორიაზე შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. ბოლო ერთი კვირაა, იქ აქტივისტები ღამითაც რჩებიან და ამბობენ, რომ ვაკის პარკის ტერიტორიას ვერც ინვესტორი და ვერც ყინვა და თოვლი ვერ დაათმობინებთ.

თოვს და ყინავს კიდეც. თან ისე ძალიან ყინავს, რომ ქუჩაში გასულს, ცხვირის წვერი და თითები თვალსა და ხელს შუა გილურჯდება. გასახურებლად ჩქარა მოძრაობ და შეძლებისდაგვარად ღრმად მალავ ცხვირს ქურთუკში. ვაკის პარკთან მისასვლელი გზა დათოვლილია. ჭავჭავაძის გამზირს არ ვგულისხმობ, კუს ტბის ასახვევიდან მივუყვები ვაკის პარკის გზას. ასე უფრო ახლოს არიან ვაკის პარკის დარაჯები, რომლებიც, აგერ უკვე თითქმის ერთი კვირაა, ღამეს ათევენ ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ მიმდებარე ტერიროტიაზე. ისინი იმას დარაჯობენ, რომ იქ შვიდსართულიანი სასტუმრო არ აშენდეს - სასტუმრო, რომლის მშენებლობასაც ტერიტორიის მფლობელი კომპანია „ტიფლის დეველოპმენტი“ გეგმავს.

ეს არ არის ერთი და ორი ხის მოჭრის ამბავი. აქ საქმე გვაქვს საჯარო სივრცესთან, რომელსაც უნდა იყენებდეს საზოგადოება და არ უნდა იყოს კერძო მესაკუთრისა...
გიორგი სოფრომაძე
20 წლის გიორგი სოფრომაძე რკინის კასრში დანთებულ ცეცხლზე ითბობს ხელებს, სახე მაღალყელიან ჯემპრში აქვს შემალული და მხრებზე ათოვს. ორი დღეა, ღამეს ვაკის პარკში, სახელდახელოდ გაშლილ კარავში ათევს და ხაზგასმით მეუბნება, ის, რასაც მე ვაკეთებ, გმირობა არ არისო:

„ეს არ არის ერთი და ორი ხის მოჭრის ამბავი. აქ საქმე გვაქვს საჯარო სივრცესთან, რომელსაც უნდა იყენებდეს საზოგადოება და არ უნდა იყოს კერძო მესაკუთრისა და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ინტერესების ქვეშ და ამ ყველაფრის შედეგად არ უნდა განადგურდეს. როდესაც საუბარია კერძო მესაკუთრის ინტერესებზე, საზოგადოების ინტერესები და საჯარო სივრცის ინტერესები ირღვევა, ნადგურდება და ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ ვიღაც ერთმა კონკრეტულმა ინვესტორმა თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს და სასტუმრო წამოჭიმოს პარკის ცენტრში. აქ ერთი სასტუმროს ჩადგმა უკვე გულისხმობს მთელი პარკის სივრცის განადგურებას“, - ამბობს გიორგი სოფრომაძე.

ვაკის პარკი
ვაკის პარკი
სანამ ვაკის პარკის დარაჯების ამბავს გავაგრძელებდე, გეტყვით, რომ, თბილისის მერიის მტკიცებით, ტერიტორია, რომელზეც სასტუმრო უნდა აშენდეს, ვაკის პარკს არ ეკუთვნის. „ეს არის კერძო საკუთრება, რომლის მფლობელიც სასტუმროს აშენებს კანონის შესაბამისად დამტკიცებული პროექტით“, - ასე უთხრა რამდენიმე ხნის წინ ჟურნალისტებს მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ. მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარეს ვაკის პარკის გადარჩენის მოძრაობას, აცხადებენ, რომ, მართალია, მერიამ პარკის საზღვრები დღემდე ვერ დაადგინა, მაგრამ არსებობს სტატუსი „სარეკრეაციო ზონა 2“ და აღნიშნული ნაკვეთი ვაკის პარკის სიღრმეში სწორედ ამ ზონის ფარგლებშია მოქცეული. რა შეიძლება აშენდეს და რა არა ასეთ ზონაში, ამას, მათი განმარტებით, დადგენილი წესები განსაზღვრავს. წარმოდგენილი სასტუმროს პროექტი, მათი თქმით, ამ წესებს არ შეესაბამება და ქალაქის არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას მიერ გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმება იყო, რომლის გაუქმების მოთხოვნითაც მათ სასამართლოსაც მიმართეს.

აი, ახლა პირველი თოვლია. ჩვენ ამ დღეს ბავშვობაში განსაკუთრებით ველოდებოდით ხოლმე და ორი ადგილი გვქონდა, სადაც თოვლის დროს დავდიოთ: ერთი - მთაწმინდა და მეორე - ეს. აი, ამ კასკადის კიბეებზე ჩვენ „პაპკებზე“ ვსხდებოდით და ვსრიალებდით...
ვაჟა კაკუშაძე
42 წლის ვაჟა კაკუშაძეც თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ვაკის პარკის დარაჯად. ის ყოველდღე გამოდის ინვესტორის მიერ ლითონის ღობით შემოსაზღვრულ ტერიტორიასთან და ცდილობს დაიცვას ის, რაც, მისი სიტყვებით, მისთვის ყველაზე ძვირფასია:

„აი, ახლა პირველი თოვლია. ჩვენ ამ დღეს ბავშვობაში განსაკუთრებით ველოდებოდით ხოლმე და ორი ადგილი გვქონდა, სადაც თოვლის დროს დავდიოთ: ერთი - მთაწმინდა და მეორე - ეს. აი, ამ კასკადის კიბეებზე ჩვენ „პაპკებზე“ ვსხდებოდით და ვსრიალებდით. აქ გვქონდა ერთ-ერთი პირველი პაემანი მე და ჩემს მეუღლეს. მე მინდა, რომ აქ დაფიქსირდეს ასეთი პრეცედენტი, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეძლებს იმას, რომ ინვესტორს, ხელისუფლებას, შეაცვლევინებს აზრს და გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია საზოგადოებისთვის“, -ამბობს ვაჟა კაკუშაძე.

„პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ -ეს არის მოძრაობა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა შეიქმნა და რომელიც სოციალურ ქსელებში - და არამხოლოდ სოციალურ ქსელებში - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოძრაობად ჩამოყალიბდა. ამ მოძრაობის ფეისბუქის გვერდზე გაჩენილი თითოეული მოწოდება ვაკის პარკის მხარდასაჭერად და გასამაგრებლად საკმარისია იმისათვის, რომ ვაკის პარკში ათეულობით ადამიანი მოგროვდეს. უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე სწორედ ამ სახით გავრცელებული არაერთი მოწოდება ხდება მიზეზი იმისა, რომ ტერიტორიის მფლობელი კომპანია სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს.

ვაკის პარკი
ვაკის პარკი
მაკა ჯაფარიძე ვაკის პარკთან ცხოვრობს. ამ ერთი თვის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ვაკის პარკის დამცველებსა და სამართალდამცველებსა თუ ინვესტორის წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის მომსწრე. მეუბნება, რომ ამ ტერიტორიას არავის დაუთმობენ:

„აქაურობა რომ გადაიკეტა, ძალიან რომ დაიძაბა სიტუაცია და ბიჭები რომ იძახდნენ, ქამრებით გადავებათ ერთმანეთსო, ულამაზესი გოგო მოვიდა ბავშვით ეტლში, შევარდა ამდენ ხალხში და პირველი დადგა. აი, აქ ჩავხტებით ჩვენს შვილიშვილებთან და შვილებთან ერთად. არ არსებობს, რომ დავთმოთ ეს ტერიტორია. არც იფიქრონ. ეს არის ტერიტორია, სადაც არ აღწევს გამონაბოლქვი. ჩვენ სწორედ ამ ტერიტორიაზე მოგვყავს ბავშვები“.
მაკას გვერდით დგას 67 წლის ლალი გაგნიძე. უკვე წლებია, ყოველ დილით ამ ტერიტორიაზე გამოდის სავარჯიშოდ:

„ნახეთ, გაიხედეთ, რა ამბავია ქუჩაში, რამდენი ტრანსპორტია. ამაზე მთავრობა ხომ არ ფიქრობს. მე ძალიან მიკვირს: მთავრობა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, ჩვენს მხარეს არ დგება...წავედი ახლა მე ჩემს ბილიკზე, გავივლი, გამოვივლი და მოვალ“...

ვაკის პარკის მცველები
ვაკის პარკის მცველები
ყინვა და თოვლი რა მოსატანია, როცა საქმე ვაკის პარკის დაცვას ეხება, მეუბნება შორენა ცხოვრებაშვილი, რომელიც მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთი აქტივისტია. დანანებით აღნიშნავს, რომ გარდა მხარდაჭერისა, მათი მისამართით ბევრი კრიტიკაც ისმის. შორენას სურს ამ შემთხვევაში სწორედ კრიტიკოსებს მიმართოს:

„სოციალურ ქსელებში გვიყვარს ხოლმე ძალიან კრიტიკა, სად იყავით, როცა სხვაგან ჩეხდნენ ხეებსო. ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, ჩვენ ვართ რიგითი ადამიანები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, და ისინი, ვინც გვაკრიტიკებს, პირდაპირ მივმართავ მათ: შეგიძლიათ თქვენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით, მიხვიდეთ იმ ტერიტორიებზე, სადაც ხეები იჩეხება და დაიცვათ ის ტერიტორიები“...

იქ, სადაც ვაკის პარკს ამაგრებენ პარტიზანი მებაღეები, რიგითი მოქალაქეები, დიდები და პატარები, კიდევ სხვა რიგით მოქალაქეებს შეშა მიაქვთ, მათთვის ცხელი ჩაი და ყავა მიაქვთ. ვინც იქ ვერ მიდის, სოციალური ქსელებით უცხადებენ თანადგომას. ყურადღებას იქცევს სკამზე დაწყობილი თაბახის ფურცლები, მარკერით მიწერილი ტელეფონის ნომრებითა და სახელებით. ესენი რა არის-მეთქი, ვეკითხები ვაკის პარკის დარაჯებს. ესენი ნომრებია, რომლებსაც მოქალაქეები გვიტოვებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში დავურეკოთ და გვერდში დაგვიდგნენო, მპასუხობენ. და კიდევ ერთი: ინვესტორის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიას სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იცავენ. გაყინულ ხელებს ისინიც, ვაკის პარკის დარაჯებთან ერთად, კასრში დანთებულ ცეცხლზე ითბობენ. თოვს.
XS
SM
MD
LG